Tuesday, June 28, 2011


რომელი ცივილიზაციის მოზიარეა საქართველო?

ფროიდის ამბოხებულმა მოწაფემ კარლ გუსტავ იუნგმა თავის წიგნში „ფსიქოლოგიური ტიპები“ პირველად წამოიწყო ლაპარაკი ექსტრავერტებსა და ინტრავერტებზე (ექსტრავერტი - გარეთ მიმართული, ან უფრო ზუსტად, უკუღმა გადმობრუნებული; ინტრავერტი - შიგნით მიმართული).





დღეს, იუნგისაგან განსხვავებით, ამ ფსიქოლოგიური სკალის მიმართ განსხვავებული მიდგომაც არსებობს. მას საკუთარ ინტერპრეტაციებში იყენებენ ფიზიოლოგები, სოციოლოგები და კულტურტრეგერები. არც თუ ხშირად, თვით ექსტრავერტირებულ (მოექსტრავერტირე) და ინტრავერტირებულ ცივილიზაციებსაც კი ახსენებენ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას უკიდურესად ექსტრავერტირებული ცივილიზაციის ნიმუშად თვლიან, აღმოსავლურ კულტურებს კი - ინტრავერტირებულად. ამ დაყოფის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ იაპონია, ჩინეთი, კორეა, თურქეთი, არაბული სახელმწიფოები აშკარად მოექსტრავერტირე კულტურის ნიშნებს ატარებენ. ხოლო, დასავლურ სამყუროშიც ბევრი სახელმწიფო შეიძლება ინტრავერტირებული ცივილიზაციის შემადგენელ ნაწილად იქნას აღქმული.

მთავარი იდეა ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით ასე მესახება: ამ სამყაროსთან შეგუებისა და მზის ქვეშ ადგილის მოპოვების ორი გზა არსებობს. ერთია ექსპანსია, რომელიც გულისხმობს განვრცობას, გამრავლებას. მისი დევიზია, - ამრავლე კონტაქტები აქტიურად წაიწიე წინ და ხელიდან არ გაუშვა, რაც შეგხვდება; მეორეა - პირიქით: შეზღუდე კონტაქტები, იჯექი საკუთარ ნაჭუჭში, თავი შეინახე.

ეს გახლავთ სწორედ ექსტრავერსია და ინტრავერსია: ერთი ყველაზე ელიტარული განზომილება არა მხოლოდ დღევანდელ ფსიქოლოგიურ სკალებზე, არამედ კულტურულ-პოლიტიკურ არეალზეც, რა თქმა უნდა, ყველა თავისი გადასვლებით უკიდურესობებს შორის. თუკი წავალთ სკალის აღნიშნული ელემენტების თავისუფალ-პოპულარული გადმოკეთების რისკზე და საკუთარ თავს მივცემთ თვითდიაგნოზის შესაძლებლობას, დავინახავთ, რომ შესაბამისი მახასიათებლების გამოთვლით ადვილად შეიძლება განისაზღვროს ექსტრავერსია - ინტრავერსიის პროპორცია. აღმოჩნდება, რომ „ექსტრა“ და „ინტრა“ ნიშანთვისებები დაახლოებით თანაბარია.

ყოველივე ეს შეიძლება გავითვალისწინოთ კულტურათა ურთიერთგადაკვეთის დროსაც. ექსტრავერსია - ინტრავერსიის სათავეების ძებნა და მიგნება გარემო პირობებშიც შეიძლება და ქვეყნის ისტორიაშიც. კონკრეტულ, კერძო სიტუაციაში განვითარებადი ქვეყანა ჩვეულებრივ ინტრავერტირდება. თუმცაღა, დასაშვებია მოხდეს კომპენსატორული ექსტრავერსიაც, რომელიც ძლიერ რეაქციას გამოიწვევს. ვფიქრობ, გარკვეული განსხვავება არსებობს ექსტრავერტებისა და ინტრავერტების პოლიტიკურ სისტემაშიც. ისე ჩანს, რომ გარეგამღიზიანებლებით აღძრული იმპულსები ინტრავერტებში უფრო ზედმიწევნით დამუშავებას ექვემდებარება. ამიტომ მათი განვითარების გზა უფრო გრძელია და კლაკნილი. გართულებულია ასეთი მდგომარეობიდან გამომავალი იმპულსების ასავალ-დასავალიც. სამაგიეროდ, უფრო მეტია შინაგანი კავშირები. ამის გამო შიგნიდან, ბუნებრივი რესურსიდან გამომდინარე იმპულსები შედარებით გაძლიერებული გვეჩვენება. უფრო გასაგები ხდება უკუმრჩომობის, მისი ზოგიერთი გამოხატულების წარმოშობაც: იზრდება დაბრკოლებათა ალბათობა.

ზემოთქმულთან მიმართებით, ასევე, ძალაუნებურად იბადება კითხვა: რომელი ცივილიზაციის თანამოზიარეა საქართველო? მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებასთან დაკავშირებით მრავალი საყურადღებო აზრი დომინირებს, ვეცდები, მოკლედ გადმოვცე ჩემი სათქმელი.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა კულტურების ექომექანიზმი ლოგიკურ საფუძველს ქმნის მიბაძვისთვის. თავის დროზე გაბრიელ ტარდმაც ხომ მიბაძვის ფენომენზე ააგო კაცობრიობის განვითარების მშვენიერი თეორია. საუკუნეთა სიღრმიდან მომავალი მიბაძვის ტალღები ანუ, როგორც მათ ფრანგი სოციოლოგი უწოდებდა, სხივები, უზრუნველყოფენ კულტურის გავრცელებას, სოციალურ მემკვიდრეობითობას. ეს ყველაფერი აშკარაა და „ექოს“ მექანიზმთან საქართველოს შეხების წერტილიც ასევე ცხადად მოინიშნება. ინდივიდუალურიც და კოლექტიურიც აქვე კვეთენ ერთმანეთს. შთაგონების უზარმაზარი მასა პირდაპირ მიბაძვიდან მოდის და ქვეყნის კულტურაც ხარბად ისრუტავს მას. მაგრამ, ამავე დროს, ეროვნული შემოქმედება თუკი რაიმე გამორჩეულ ფასეულობას ქმნის, ეს უკვე ანტიმიბაძვაა. ჯერჯერობით, საამდღეოდ კი ანტიმიბაძვა თვითმყოფადობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გალაკტიონის სიტყვები „არის ევროპის ზღუდეთა თანა, ერთი მცირეზე მცირე ქვეყანა. ქვეყანა მცირე, ცხოვრება მცირე, დაჯექ იტირე, იტირე ნანა“, - უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ეპოქისთვისაცაა სამართლიანი.

პატარა ქვეყნები უნებური მიბაძვის დიდოსტატები არიან და ძნელი სათქმელია, ვისგან უფრო მეტს იძენენ - ზესახელმწიფოებისა თუ ერთმანეთისაგან.

სუპერსახელმწიფოების მხრიდან ზემოქმედება, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია, სამაგიეროდ, თვით მცირე ქვეყნების ურთიერთობებში მოქმედებს ურთიერთდამსგავსებების ძლიერი კატალიზატორი - იგივეობის ღრმა, სტიქიური შეგნება. ამიტომ ანდაზას „ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“, ზემოაღნიშნულ პრობლემასთან მიმართებით თუკი გავიხსენებთ, იმაშიც ფსიქიკურ-კულტურული სენის იერარქიაში უმდაბლეს საფეხურზე იქნება.


ნუგზარ გულორდავა

წყარო: http://www.psnews.info/php/newsPrint.php?lang=geo&t=1&uid=1420

No comments:

Post a Comment