Tuesday, July 5, 2011

ბავშვის თვითკონტროლი - ცხოვრებაში მისი წარმატებულობის საწინდარია!

ჟურნალში „Proceedings of the National Academy of Sciences“ გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერთა ჯგუფი ასაბუთებს ფრიად საინტერესო დასკვნას: თურმე 3 - დან 11 წლამდე ასაკის ბავშვის თვითკონტროლის დონე პირდაპირ კავშირშია მის წარმატებულობასთან საქმიანობასა და ოჯახურ ცხოვრებაში ზრდასრულ ასაკში. თავის კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატების დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერები ზრდასრული ადამიანის წარმატებულობას აფასებდნენ რამდენიმე პარამეტრის, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის დონის მეშვეობით. მათი დაკვირვებით ბავშვის თვითკონტროლის დონის გათვალისწინებით შესაძლებელია შემდგომ ცხოვრებაში მისი წარმატებულობის „წინასწარმეტყველება“.



მეცნიერთა აზრით თვითკონტროლის დაბალი დონე ხშირად წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებს, სხვა დაავადებებთან ერთად შესაძლებელია ”დელიკატური ხასიათის” (სქესობრივი) დაავადებებიც, ზედმეტი წონა, არა სტაბილური წნევა და ა.შ. დაბალი თვითკონტროლი ხელს უწყობს ნარკომანიას ანუ ნარკოტიკულ დამოკიდებულებას და სამართალდარღვევის ჩადენასაც. ოჯახურ ცხოვრებაში ის ვლინდება ფინანსური ხარჯების დაგეგმვის უუნარობაში და ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზიც კი ხდება.

მაგალითისთვის მეცნიერებმა გააანალიზეს ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მცხოვრები დაახლოებით 1000 ბავშვის მონაცემები. დაკვირვება ხორციელდებოდა ბავშვის დაბადებიდან 32 წლის ასაკამდე. ”ჩვენი მუშაობის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, თავდაპირველად ვვარაუდობდით, რომ ინტელექტის დონე უნდა გახდეს შემდგომ ცხოვრებაში წარმატების წინასწარმეტყველი და უხალისოდ დავიწყეთ თვითკონტროლზე მუშაობა” - ამ სახის კომენტარი გააკეთა კვლევის წამყვანმა ავტორმა ტერი მოფიტმა (დიუკის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.). თვითკონტროლი ფასდებოდა ბავშვების მიერ გამოვლენილი უეცარი და უკონტროლო აგრესიის, ჰიპერაქტიურობის, ბეჯითობის, შეუპოვრობისა და უყურადღებობის მაჩვენებელთა გათვალისწინებით. შეფასება ტარდებოდა 3 - დან 11 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში პერიოდულად - ყოველ ორ წელიწადში. ხოლო ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და წარმატებულობის სხვა მაჩვენებლებთან თვითკონტროლის დონის კავშირის საბოლოო მონაცემების კორექტირებას მეცნიერები ახდენდნენ ინტელექტის დონის და სოციოეკონომიკური სტატუსის გათვალისწინებით.

”თვითკონტროლის დაბალი დონის მქონე ბავშვები, როგორც წესი, მოზარდის ასაკში უშვებდნენ უფრო მეტ შეცდომას - თამბაქოს მოწევა, შვილის ადრეული და დაუგეგმავი გაჩენა, წავლაში დაბალი მოსწრება... მაგრამ ისინიც, ვინც შესძლო შეცდომების თავიდან არიდება, საბოლოო ჯამში წარმატებულობაში მაინც უთმობდნენ მაღალი თვითკონტროლის მქონე თანატოლებს”, - ასეთ დასკვნას გამოთქვამდნენ კვლევის ავტორები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაღალი თვითკონტროლის მქონე ბავშვებშიც კი დამატებითი კონტროლი განაპირობებდა წარმატებულობის უფრო მნიშვნელოვან შედეგებს. ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ თვითკონტროლის ამაღლება სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ ასაკობრივ კატეგორიაში თვითკონტროლის დონის ამაღლების საქმეში, კვლევის ავტორთა აზრით, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია აღზრდის პროცესში მშობელთა აქტიურ ჩართვას. "ჩვენი ნაშრომი ცხადყოფს, რომ ბავშვობა და მოზარდობის ადრეული ასაკი ყველაზე ხელსაყრელია თვითკონტროლზე მუშაობისთვის, იმავდროულად არ უარვყოფთ, რომ საკუთარი თავის ფლობის გაუმჯობესება შესაძლებელია ზრდასრულ ასაკშიც”, - საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები დიუკის უნივერსიტეტიდან.

წყარო: Discovery News

No comments:

Post a Comment