Tuesday, July 5, 2011

ფსიქოლოგთა რჩევა "ფილმების ქართულად გახმოვანების აკრძალვა დაუშვებელია"

დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ფილმების სუბტიტრების შესახებ რჩევებს მიმართვის სახით უზგავნის.


მიმართვაში ნათქვამია, რომ “მაუწყებლობის შესახებ” და “კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” კანონებში დამატებათა კანონპროექტის განმარტებით ბარათში (პუნქტი დ.ა) საუბარია, რომ კანონპროექტს არ გაუვლია არც საზოგადოებრივი და არც პროფესიული ექსპერტიზა, რაც ფრიად ნიშანდობლივია. კანონპროექტს ეს ნამდვილად ეტყობა.


“კინო – ესაა სინთეზური ხელოვნება, აღიქმება ერთდროულად ორი შეგრძნებით – მხედველობითა და სმენით. ესაა კინოს დიდი უპირატესობა, ამაშია მისი ბუნებრიობა, ადვილადაღსაქმელობა და ამითაა გამოწვეული მისი მიმზიდველობაც. ამიტომაა კინო კარგი დასასვენებელი საშუალება.



უცხოურ ფილმებში ცოცხალი ქართული მეტყველების შეცვლა სუბტიტრებით გამოიწვევს სმენის როლის თითქმის გაუქმებას, მისი წილი კი მხედველობამ უნდა იტვირთოს. ესე იგი, მხედველობის შეგრძნებაზე დატვირთვა გაორმაგდება. დატვირთვა გაორმაგდება აგრეთვე თავის ტვინზეც და ნერვულ სისტემაზეც, რადგან საკმაოდ ძნელია თან კადრის აღქმა და თან სუბტიტრების წაკითხვა და გააზრება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფსიქოლოგების აზრით, “მცდარია კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მტკიცება (პუნქტი ა.ა), რომ სუბტიტრირება “ხელს შეუწყობს მაყურებლისთვის ხელოვნების ნიმუშის ორიგინალში სრულფასოვანი აღქმის საშუალების მიცემას” (სხვათა შორის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისგან უკეთესი ქართული იქნებოდა სასურველი). პირიქით, სუბტიტრებიანი ფილმის კადრები სრულფასოვნად ვეღარ აღიქმება. ამასთან, მრავალია ისეთი ფილმი, რომელშიც დიდი მნიშვნელობა აქვს საკმაოდ ხანგრძლივ დიალოგებს. მათი სრული სუბტიტრირება შეუძლებელია, გარდაუვალი იქნება დიალოგების მკვეთრი შემოკლება, რაც ფილმს არსებითად დააზიანებს. ესე იგი, ფილმის აღქმა სხვა მხრივაც გაუარესდება. მაყურებელი კი წვალდება და იღლება (ნაცვლად ესთეტიკური სიამოვნების მიღებისა). ამიტომაა, რომ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ყოველნაირად ერიდება სუბტიტრებიან ფილმებს”.

მიმართვის ავტორების თანახმად, აქედან გამომდინარე, “მცდარია განმარტებითი ბარათის მტკიცება (პუნქტი ბ.ე), რომ კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. სინამდვილეში მოსალოდნელია, რომ შემცირდება კინოთეატრებში მაყურებელთა რაოდენობა (მათი უმრავლესობა შეეცდება, იშოვოს ფილმის ჩანაწერი დისკზე, ნორმალური გახმოვანებით), რაც გააუარესებს კინოთეატრების მესაკუთრეთა და თანამშრომელთა ფინანსურ მდგომარეობას.

ულოგიკოა განმარტებითი ბარათის კიდევ ერთი არგუმენტი: რომ უცხოური ფილმების გახმოვანების ქართული თარგმანი ხშირად უხარისხოა. თუკი გახმოვანებაა უხარისხო, ასევე უხარისხო იქნება სუბტიტრების ტექსტების ენაც, ალბათ, უფრო მეტადაც კი, რადგან წერილობითი ტექსტის გამართვა უფრო ძნელია, ვიდრე ზეპირისა. თარგმანის ხარისხზე ზრუნვა ნამდვილად უპრიანია, მაგრამ ამას სულ სხვა ღონისძიებანი სჭირდება”.

მიმართვის ავტორების აზრით, “კანონპროექტის ავტორები თვითონაც ეწინააღმდეგებიან საკუთარ არგუმენტებს, როცა გამონაკლისს უშვებენ ტელესერიალებისთვის (მუხლი 51/1). თუკი სუბტიტრირება მართლაც ისე კარგია, როგორც კანონპროექტი გვიხატავს, მაშინ რატომ არ უნდა გავრცელდეს იგი სერიალებზეც? ამის არანაირი არგუმენტი კანონპროექტში არაა.

არაფრისმთქმელია განმარტებითი ბარათის ის ნაწილი, რომელიც აღწერს პრაქტიკას უცხოეთის სახელმწიფოებში. ერთია პრაქტიკა და სულ სხვაა კანონის ძალით აკრძალვა. რატომ არ გვისახელებს განმარტებითი ბარათი იმ სახელმწიფოებს, რომლებშიც გახმოვანება აკრძალულია? ალბათ იმიტომ, რომ ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. ეს კი კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტია” და ამიტომ “დაუშვებელია უცხოური ფილმების ქართული გახმოვანების აკრძალვა კანონის ძალით”.

No comments:

Post a Comment